თეგი: დავით გარეჯი

ელჩი გარეჯის საკითხზე: გვაქვს პოზიტივი

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის, ზურაბ პატარაძის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით "გვაქვს პოზიტივი", თუმცა ელჩი არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს. პარლამენტში, ჟურნალისტების კითხვების პასუხად, მან თქვა, რომ საკითხი სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრობის შესაბამისად გადაწყდება. „გვაქვს პოზიტივი, რომელსაც ახლა ვერ გავაჟღერებ. შესაბამისად, ეს საკითხი აუცილებლად იქნება გადაწყვეტილი ისე, როგორც ნამდვილად შეეფერება სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრობას... შარშანწინ, პრეზიდენტი ალიევი იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში. ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა აზერბაიჯანში წელს ორჯერ. დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის მთავრობათაშორისი კომისიის ჩატარება ქალაქ ბაქოში გაზაფხულზე. ვფიქრობ, ამ ფორმატებში ჩვენ გვექნება საშუალება, მივიღოთ კონკრეტული შედეგები“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ, რომლის კომენტარსაც რადიო თავისუფლება ავრცელებს. 2020 წლის სექტემბერში საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა, 8 ოქტომბერს კი სასამართლომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს. სახელმწიფო ბრალდების თანახმად, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისას იმ რუკებს იყენებდნენ, რომლებზეც საქართველოს საზღვრები აზერბაიჯანთან არასწორად არის დატანილი, მათ შორის, დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთთან.  

ლაშა დარსალია დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოში ჩვენებას აძლევს

„ვინმეს ბრალეულობას, ან დანაშაულს ვერ შევაფასებ, ეს ჩემი კომპეტენცია არაა, სასამართლოს კომპეტენციაა, მე მხოლოდ ფაქტებზე შემიძლია საუბარი,“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოში განაცხადა. ლაშა დარსალია ბრალდების მხარის მოწმეა. ჟურნალისტების კითხვას, მიიჩნევდა თუ არა, ბრალდებული ივერი მელაშვილი, რომ 1:200 000-იანი რუკის გამოყენება რელევანტური არ იყო, დარსალიამ განაცხადა, რომ "კომისიაში განსხვავებული პოზიციები თავიდანვე იყო." „სასამართლოში მსჯელობა უშუალოდ ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდს ეხებოდა, რომელიც 2019 წლიდან მოყოლებულია. თუ როგორ და რა სახით ხელმძღვანელობდა კომისია, ეს იყო მსჯელობის საკითხი. კომისიაში თავიდანვე არსებობდა ორი სხვადასხვა პოზიცია, სხვადასხვა ტიპის მასალები გამოყენებულიყო თუ არა. მთავარი საკითხია, თუ სად გადიოდა 1938 წლის ხაზი და ნებისმიერი მასალა, რომელიც ადასტურებს, თუ სად გადის 38 წლის ხაზი, რელევანტურია," - განაცხადა დარსალიამ. კითხვას, დანაშაული იკვეთება თუ არა ბრალდებულების მხრიდან, დარსალიამ უპასუხა, რომ ამაზე საუბარი მისი კომპეტენცია არაა. „ვინმეს ბრალეულობას, ან დანაშაულს ვერ შევაფასებ, ეს ჩემი კომპეტენცია არაა, სასამართლოს კომპეტენციაა, მე მხოლოდ ფაქტებზე შემიძლია საუბარი, კითხვები ეხებოდა თუ რა ლოგიკით და პრინციპით ხელმძღვანელობს კომისია. ის ერთი პრინციპით ხელმძღვანელობს, შეთანხმებულია 96 წელს, რომ მხარეები 38 წლის ხაზს იყენებს, ნებისმიერი მასალა, რომელიც ამ ხაზს ადასტურებს, რელევანტურია, დანარჩენი ექსპერტების შეფასებაა. მე არ ვიცი, ისინი რას დაეყრდნენ, მე შემიძლია ვისაუბრო 2019 წლის შემდეგ კომისია რას ეყრდნობა - კომისია ეყრდნობა ყველა მასალას, რომელიც რელევანტურია, მათ შორის, 1:200000-იანი რუკა იქნა წარმოდგენილი, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება ჩვენი მხრიდან კომისიაზე. ეს მასალები, აზერბაიჯანულ მხარეს 2020 წელს წარვუდგინეთ და დაახლოებით ამ პერიოდში იყო მისი დედნები წარმოდგენილი," - განაცხადა დარსალიამ. ლაშა დარსალია 2019 წლიდან დღემდე სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარეა. ცნობისთვის, პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილ უფროსს - ივერი მელაშვილსა და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორს ნატალია ილიჩოვას ბრალი წაუყენა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.  

რა არგუმენტები წარადგინეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა დავით გარეჯის საქმეზე

საქართველოს საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, ინფორმაცია, რაც მოწმემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, სასამართლოს მიაწოდა, მყარი არგუმენტია ბრალდებულის წინააღმდეგ. პროკურორის განმარტებით, როდესაც მოწმე, ლაშა დარსალია კომისიის თავმჯდომარე გახდა, გარკვეული ინფორმაცია და დოკუმენტაცია მისთვის უცნობი იყო, რადგან ისინი ბრალდებულმა დამალა. „რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება შეიძლება, გამოიყოს მოწმის მიერ მიცემული ჩვენებიდან. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ როდესაც ხდებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოძიების პროცესში დოკუმენტაციის ამოღება, ივერი მელაშვილმა დამალა დოკუმენტაცია და მხოლოდ მის სამუშაო ოთახში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს იქნა გარკვეული დოკუმენტაცია ამოღებული, რაც მანამდე ვერ მოვიპოვეთ იმიტომ, რომ ეს დოკუმენტაცია ივერი მელაშვილმა დამალა. მეორე მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ როდესაც მოწმე კომისიის თავმჯდომარე გახდა, რაღაც ინფორმაცია და რაღაც დოკუმენტაცია მისთვის უცნობი იყო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ადასტურებს ბრალდებულების არაკეთილსინდისიერ ქმედებებს და მათ მიერ დანაშაულის ჩადენას, არის ის, რომ 1996 წელს, როდესაც ორი სახელმწიფო გარკვეულ მონაკვეთებზე შეთანხმდა და გარკვეულ მონაკვეთებზე ვერ შეთანხმდა, ვერ შეთანხმების მიზეზი იყო ის, რომ ორ სახელმწიფოს შორის ფუნდამენტური სხვაობა 1938 წელსა და 1945 წელს შორის. ხოლო 2009 წელს კი ეს ფუნდამენტური სხვაობა რატომღაც შეიცვალა და ოქმში ბრალდებულებამ დააფიქსირეს, თითქოსდა ამ ორ პერიოდს შორის არსებულ მასალაზე და საზღვრის გამავლობაზე, არანაირი არსებითი სხვაობა არ არის, ეს იმ დროს, როდესაც უკვე საქართველოს საწინააღმდეგოდ შეთანხმებული იყო მათ შორის ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორია. ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული და ეს ინფორმაცია არ იცოდა მოწმემ,“ - განაცხადა პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ. „ლაშა დარსალია შეიძლება, კარგი დიპლომატია, მაგრამ კარტოგრაფიაში ნამდვილად ვერ ერკვევა, თუმცა ძალიან ბევრი ფაქტობრივი გარემოება, რასაც ჩვენ, დაცვის მხარე ვუთითებდით, დაადასტურა,“ განაცხადა თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილი უფროსის, ივერი მელაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ მედიასთან. ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარის მოწმემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ვერ დაასახელა ვერცერთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ივერი მელაშვილი რაიმე სახის მოლაპარაკებებში ყოფილიყო, სადაც საქართველოს ინტერესი დაზიანდა. „დაადასტურა ის, რომ არაერთხელ მისი მონაწილეობით განხილულა და აღნიშნულა იმის შესახებ, რომ 1996 წელს, ქართული მხარის პოზიცია საზღვრის ხაზთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა 1938 წლის საზღვრის ხაზზე, რომელიც დაბეჭდილი იყო 1942-43 წლის 100 000-იანი მასშტაბის რუკებზე. ვერ დაასახელა ვერცერთი მონაკვეთი, სადაც საზღვარი შეთანხმებულია აზერბაიჯანულ მხარესთან და რომლის გადახედვასაც დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრო განიხილავს, ან მიაჩნია, რომ არის უკანონო, ან არის ქართული მხარის ინტერესის დამაზიანებელი. მოწმემ ვერ თქვა და ვერ დაასახელა ვერცერთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ბრალდებულებს, ამ შემთხვევაში ბატონ ივერი მელაშვილს, რაიმე სახის პოზიცია ჰქონოდა ან რაიმე სახის მოლაპარაკებებში ყოფილიყო, სადაც საქართველოს ინტერესი დაზიანებულიყო. ის გარემოებები, რაზეც ჩვენ ვუთითებდით, ეს არის ქრონოლოგია და მტკიცებულებები, რომელიც საქმეშია, როგორც ჩვენ აღვწერდით, ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ზუსტად ისეა მოცემული,“ - განაცხადა ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ. ლაშა დარსალია დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოში ჩვენებას აძლევს